Sunday, November 4, 2012

ღვთაებრივი ძამის ხეობის საიდუმლოებანი


        ღვთაებრივი ძამის ხეობის საიდუმლოებანი

        გათენდა.  ცა  ტყვიისფერი ღრუბლებით  არის  სავსე.  წვიმის  გვეშინია.   ყველას გვინდა არ  იწვიმოს   და კარგი ამინდი იყოს. მზე  ამოვიდა და  ღრუბლებიც  ნელ-ნელა სადღაც  გაქრნენ.  შემოდგომის მშვენიერი  დღე დაიწყო. ჩვენი  მიკროავტობუსი  ძამის  ხეობისკენ  მიმავალ  გზას გაჰყვა. უკან  ჩამოვიტოვეთ ყინწვისი, გვერძინეთი, ორთუბანი და  უცბად  საოცარ  სამყაროში  აღმოვჩნდით. ცამდე  აზიდული მთები, მაღამ-მაღალი ხეები  და  პატარა მდინარე,  რომელსაც  ვიწრო  გზატკეცილი მუჰყვება.
      მივუყვებით  გზას  და  ერთმანეთის  მონაცვლეობით  გვხვდება  წარწერები:  მზოვრეთი, მერეს  დედათა  მონასტერი,  სარკინეთი, კარიბჭე,  საბერიო,  ქარმელი,  ქართა,  შატბერდი,  ბერმუხა,  ბანა, კოდმანი, ოპიზა,  წყაროსთავი,  ორხევი, ტბეთი, მუხილეთი, უდაბნო,  ქვათეთრი,  წიფლოვანა, აბუხალო,  ბერთუბანი, ზემო  შუანო,  ქვემო  შუანო, ქოზიფა...
      პირველი, რასაც ყურადღება  მივაქციეთ  ის არის,  რომ  წარწერების მიხედვით, ბევრი დასახლებული პუნქტი ჩანდა,  ადამიანები კი  იშვიათად გვხვდებოდნენ.  აღმოჩნდა,  რომ ისინი  დასახლებული  პუნქტები  კი  არა,  მონასტრების მაჩვენებლებია.  ამდენი  მონასტერი  ერთ  ხეობაში? - ძალიან  გვიკვირს.
     „ ურბნისი  და  სარკინეთი,  არმაზი  და ძველი  მცხეთა“ -ვიღაცამ  პოეტის  სიტყვები გაიხსენა.  სარკინეთი ქარელის  რაიონშია?- გვიკვირს.  უკვე  ბევრი რამ  გვაინტერესებს.  სახლში  დავბრუნდებით  და  ყველა  კითხვას  პასუხი უნდა  გავცეთ. ასე ვფიქრობთ.
          ...
        მდინარე  ძამა ქარელისა  და  ხაშურის  მუნიციპალიტეტში შედის. სათავეს  იღებს თრიალეთის  ქედის ჩრდილოეთ  კალთბდან და   ქარელთან  მტკვარს მარჯვნიდან ერთვის.  მდინარის  სიგრძე 42  კმ-ია.  საზრდოობს  თოვლის, წვიმის  და  მიწისქვეშა წყლებით.  წყალდიდობა  იცის გაზაფხულზე,  წყალმცირობა - ზამთარში. ახასიათებს  წყალმოვარდნები ზაფხულსა  და  შემოდგომაზე.
            ძამის  ხეობა   დაბა  ქარელიდან  იწყება,  35კმ.გრძელდება  და იქ 40-მდე მონასტერი  ფუნქციონირებს. ხეობის ბოლოს ქოზიფის მონასტერია- უძველესი ტაძარი,  რომელიც სულ ცოტა ხნის წინ  მიწასთან იყო გასწორებული,  მისი ადგილსამყოფელი კი არავინ  იცოდა.  
გასული საუკუნის 90-იან წლებამდე აქ ოსი ეროვნების მოსახლეობას უცხოვრია. მე-20 საუკუნის ბოლისთვის აღარც რომელიმე ტაძარი ფუნქციონირებდა და ვერც მოსახლეს ნახავდით. ახლა მხოლოდ რამდენიმე კომლი ბინადრობს - აჭარიდან ჩამოსახლებული მუსულმანები. ჩვენი წინაპრები კი მთელ ამ ხეობას თურმე ბერთუბანს ანუ ბერების სამყოფელს უძახდნენ.
          ...
        სოფელი სარკინეთი დმანისის რაიონში,  გომარეთის  პლატოზე მდებარეობს. შემორჩენილია ქართული  ხუროთმოძღვრების ძეგლები -  წმინდა ბარბარეს და  წმინდა ბასილის  (VIII-  IX საუკ.) ეკლესიები.  ორივე ძეგლზე ქართული ასომთავრულით  შესრულებული წარწერებია.
      რა  კავშირია  დმანისის სარკინეთსა და  ძამის  ხეობის  სარკინეთს  შორის? კითხვაზე  პასუხი ძალიან  მარტივი აღმოჩნდა: - არაფერი. ძამის ხეობის სარკინეთში მეუფე  იობის რეზიდენციაა.  აქვე, კლდეში კვეთენ ტაძარს, რომელიც შიო მღვიმელის სახელობის   იქნება.  კლდე  რკინასავით მაგარია და ამიტომაც დაურქმევიათ სარკინეთი.
 მზოვრეთი- ისტორიული  ქალაქი  აღმოსავლეთ  საქართველოში,  ქარელის  სამხრეთით 15კმ-ზე , მდინარე  ძამის ხეობაში.  მოიცავდა  ახლანდელი  სოფლების - ორთუბნის, წითელსოფლის და  სუქანაანთუბნის ტერიტორიას  და ძამისხეობის მნიშვნელოვანი პუნქტი  იყო.  XIV -საუკუნეში  ფანასკერტელთა  ფეოდალურმა  საგვარეულომ  მძოვრეთისხევში მამულები  მიიღო;  ძამის ციხის ქვემოთ  მთის  ძირას იყო მათი სასახლე- რეზიდენცია, სადაც გაჩაღებული  იყო კულტურულ-საგანმანათლებლო  მუშაობა.  მოღვაწე  მწიგნობართაგან აღსანიშნავია  ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილი.(XVს.)  ხუროთმოძღვრულ  ანსამბლში  შედის სასახლე,  კოშკი,  ეკლესია  სამრეკლოთი,  რომლებიც  XVII  საუკუნეშია  აგებული.
       (  „ქართული  საბჭოთა  ენციკლოპედია“  ტ.7  გვ. 260)
საბერიო- სოფელი აფხაზეთის ავტონომიურ  რესპუბლიკაში,  გალის მუნიციპალიტეტში,  მდინარეების ენგურსა  და ერისწყალს  შორის.  2008 წლიდან  ოკუპირებულია რუსეთის  ფედერაციის  მიერ.
     ბანა - საქართველოს  ერთ-ერთი  საეკლესიო და სახელმწიფოებრივი ცენტრი  ისტორიულ ტაოს   ტერიტორიაზე.   ამჟამად  თურქეთის   საზღვრებშია.   ბანას  დიდ  ისტორიულ მნიშვნელობაზე  მეტყველებს ის  ფაქტი,  რომ  აქ  დაიწერა  ჯვარი საქართველოს  მეფე  ბაგრატ  IV-მ  ბიზანტიის  იმპერატორ რომან  არგორის  დაზე,  ელენეზე.
    აბუხალო- სოფელი  ქარელის  მუნიციპალიტეტში, მდებარეობს   თრიალეთის   ქედის ჩრდ. კალთაზე. მდ. ძამის  სათავეში.  2002 წლის აღწერის  მონაცემებით სოფელი დაცარიელებულია.  აბუხალო  ძველი ნასოფლარია.  იგი საკმაოდ  დიდი  სოფელი  ყოფილა. აბუხალოში დაცულია  კლდეში გამოკვეთილი  სათავსები (გამოქვაბულები) .   აბუხალოს გამოქვაბული თავდაცვითი ნაგებობა  ყოფილა .  განსაცდელის  ჟამს  მოსახლეობა იქ  თავს  აფარებდა.
      2005 წლის  1  მაისიდან  აბუხალოში  მოქმედებს  აბუხალოს  დავით  გარეჯის  სახელობის  მამათა  მონასტერი.
    ოპიზა - XIII საუკუნის  ქართული მონასტერი ,  ხუროთმოძღვრული   ძეგლი  სამხრეთ  საქართველოში, ისტორიულ  კლარჯეთში.  (ახლა  თურქეთის  ფარგლებში).   ოპიზა უძველესი  მონასტერთაგანია. იგი ერთ-ერთი  პირველი აღადგინეს  არაბთა  შემოსევის შემდეგ  ჯერ კიდევ  VIII საუკუნეში.  საქართველოს  ხელოვნების  მუზეუმში დაცულია  რელიეფი  ოპიზიდან  აშოტ  კურაპალატის  პორტრეტით.
          ქოზიფა- ისტორიულ  წყაროებში იგი  გუგომის კომპლექსად იხსენიება.  ვახუშტი  ბატონიშვილი  ქოზიფასთან  დაკავშირებით  ამბობს, რომ  ეს არის  დიდებული  სამონასტრო  კომპლექსი  შესანიშნავი  ფრესკებით.  ქოზიფის  მონასტრის  შესახებ  მხოლოდ მისი არსებობა იცოდნენ, მაგრამ  სად  მდებარეობდა- არავინ.  ქოზიფის მონასტრის აღმოჩენა მამა  შიოს სახელს უკავშირდება.  მამა შიო მოგვიანებით ურბნისის მონასტრის წინამძღოლიც იყო. სოფელ ტყემლოვანაში  (ახლა  ბერთუბნად იწოდება)  ერთი  ოსი ეროვნების  კაცისგან შეუტყვიათ  მიახლოებით  ის  ადგილი, სადაც  ნატაძრალი  შეიძლება ყოფილიყო.  გზა  არ  არსებობდა და ბერები ფეხით  გაჰყოლიან  გზას. მამა  შიო იქით  წასულა, სადაც მაღალი ხეები ჩანდნენ. ერთი დიდი  სოჭის ხე  დგას ტაძრის მახლობლად ახლაც. იმით  მიუგნია ნატაძრალისთვის. ეკლესიის ტერიტორიაზე და ნატაძრალ ადგილას ხალხი ხეს არ ჭრიდა, რადგან გადმოცემის მიხედვით, ამ ქმედების ჩამდენი ღვთისგან ისჯება. ეს არის სამონასტრო  კომპლექსი,  რომელშიც ხუთი ეკლესია შედის.  დრო- ჟამისგან და  უპატრონობით მიწასთან გასწორებული    ტაძარი  ახლა ზუსტად ისეა აღდგენილი, როგორც  საუკუნეების წინ იყო.
     ძამას ხეობაში ტაძრები აგებულია სხვადასხვა ისტორიულ  პერიოდში და  მჭიდროდაა  დაკავშირებული ერთმანეთთან. პირველი  ეკლესიის მშენებლობა თარიღდება VI-VII საუკუნეებით. აღმშენებლობა განსაკუთრებით   XIII  საუკუნეში  გაძლიერებულა და სამონასტრო   კომპლექსით დამშვენებულა.  ტაძართა  შორის ყველაზე დიდი ღვთისმშობლის ტაძრად  მიყვანების სახელობის  ეკლესიაა. იგი თავის  დროზე მოხატული  ყოფილა, რომლის კვალიც დღეს  აქა-იქ  შეიმჩნევა. სამონასტრო  კომპლექსის  მეორე, წმ. შიო  მღვიმელის  სახელობის  ეკლესია თითქმის უვნებლადაა  დაცული, რომელშიც საოცარი  მყუდროება  და  სიწმინდე  სუფევს. მესამე - ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძარი დროჟამის ულმობლობას საკმაოდ დაუზიანებია, ხოლო დანარჩენი ორი - წმ. გიორგის და  მართალი  ლაზარეს  მკვდრეთით  აღდგინების  სახელობის  ეკლესიები  დღეს  უკვე ნანგრევებადაა   ქცეული.  წარსულში მოღვაწე მამებს მართალი  ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების სახელობის ტაძრის ქვეშ, მიწის სიღრმეში საძვალე მოუწყვიათ, სადაც ამჟამად მრავალი  წმინდა ნაწილია დასვენებული.
    მონასტერს XVII საუკუნემდე უმოქმედია. ოთხი საუკუნის  შემდეგ ურბნისის  და  რუისის მიტროპოლიტ  იობის  ლოცვა- კირთხევით  ქოზიფის  მამათა  მონასტერი  1997  წლის  17ივნისს კვლავ აღსდგა  და   გაცოცხლდა.
     1997 წელს  სრულიად  საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მოინახულა  სამონასტრო  კომპლექსი  და  გაკვირვებულმა  ღიმილით  აღნიშნა: „მე  თითქმის მთელი მსოფლიოს წმინდა ადგილები შემომივლია  და  მსგავსი  არსად  მინახავს.“
            შატბერდი,  ბერმუხა, ბანა, ოპიზა,  წყაროსთავი, ტბეთი, საბერიო -  ეს ის  მონასტრებია, რომლებიც საქართველოს ეძველეს, ყოფილ  ტერიტორიებზეა  დარჩენილი.  მეუფე  იობს  სურს ეს  სახელები დაუბრუნოს საქართველოს, რადგან  იმ ტერიტორიების დაბრუნება არც  ისე  ადვილია. ასე  გაჩნდა  ძამის  ხეობაში ახალი  მონასტრები ძველი  სახელებით  იმისთვის,  რომ ხალხმა  არ დაივიწყოს  მათი არსებობა.
          
        ბოლო  ჟამს , როცა  მთელი მსოფლიო დაკარგავს სარწმუნოებას, საქართველო  გაძლიერდება  რწმენაში, საქართველო დაიცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას  და  ეს იქნება ჯილდო ქართველი  ხალხისა.


 ილია  II











                                        

No comments:

Post a Comment